თბილისი (GBC) – სამოქალაქო ორგანიზაციები პარლამენტთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქციას დილიდან ატარებენ. „რუსული კანონის“ განხილვაზე საქართველოს პარლამენტში ორშაბათს იმ ჟურნალისტებსაც არ უშვებენ, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოს საშვი აქვთ.

პირველი აქცია „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე დაიწყო, ხოლო მეორე აქცია პარლამენტის წინ 19:00 საათზე გაიმართება.

„საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. „რუსული კანონი“ გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! “რუსული კანონი“ არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, - წერია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს. ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2023 წლის მარტში, აღნიშნული კანონპროექტი დიდი პროტესტის ფონზე, აღნიშნული კანონი (განსხვავებული სახელწოდებით) საპარლამენტო უმრავლესობამ უკან გაიწვია. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მაშინ თქვეს, რომ ამ კანონპროექტს პარლამენტში აღარ დააბრუნებდნენ.