თბილისი (GBC) - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა: „მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსება მოხდება ღიად და გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად“.

ორშაბათს, 17 თებერვალს მთავრობამ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც შემდგომში საბიუჯეტო სახსრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შერჩეულ შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე. კერძოდ, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2025 წელს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებები („57 13 − სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა“ - 20 მილიონი ლარი) მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და მის ფუნქციონირებას.

ასევე გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვა განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.

ამასთან, სააგენტოს წლიური სახელფასო ფონდის ოდენობა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება მას შემდეგ, რაც შეიქმნება აღნიშნული სააგენტო.

წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, რომელშიც დასაქმდება დაახლოებით 10 პირი. შესაბამისად,მათი ხელფასებიდან საშემოსავლო გადასახადის (20%) მიმართვა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ იმსჯელა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა და მხარი დაუჭირა.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც დაევალება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ექნება ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა.

„საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც ექნება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის კომპეტენცია, ექნება ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსება მოხდება ღიად და გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია „გამჭვირვალობის კანონი“ იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს, რისი დაფინანსება ხდება. ასევე, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ პროცესში და ღიად და გამჭვირვალედ გამოვაცხადოთ ტენდერები თუ კონკურსი, რომ ქვეყანას და ჩვენს სამშობლოს რაც სჭირდება, ზუსტად იმ პროექტების დაფინანსება მოხდეს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.