თბილისი (GBC) - ამერიკელი კონგრესმენი დემოკრატიული პარტიიდან, სტივ კოენი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს: "მზია არის ჟურნალისტი, რომელიც „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა".
მისი თქმით, ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.
„მე, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოს რესპუბლიკაში. მზია არის ჟურნალისტი, რომელიც „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა. ის ციხეში კარგად არ არის, მთავრობამ ახლავე უნდა გაათავისუფლოს იგი“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი.
As OSCE PA Special Rep. on Political Prisoners, I'm closely following the case of Mzia Amaghlobeli in the Republic of Georgia. Mzia is a journalist who the de facto Georgian Dream government has arrested on trumped-up charges. She is not doing well in prison, the government needs…
— Steve Cohen (@RepCohen) January 27, 2025
დამოუკიდებელი მედია „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-17 დღეა, შიმშილობს.
ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგიერთი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება.