თბილისი (GBC) – ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ. პირებს, რომელთაც „იარაღის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ, ცესკოს წევრები ემატება.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.
ამავე პროექტით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ცესკოს იმ წევრებს შეუნარჩუნდებათ, რომლებიც უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში უფლებამოსილებას უწყვეტად ახორციელებდნენ. ამის შესაძლებლობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრს არ ექნება, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით.
გუშინ, 27 იანვარს ცნობილი გახადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ. აღნიშნული ინიციატივა აქაც ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით.
პარლამენტში წარდგენილია პროექტის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს ენიშნება ცესკოს წევრის კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ ის 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცესკოს წევრი იყო.
ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობად ცესკოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ერთი მესამედი განისაზღვრება.
სახელმწიფო კომპენსაცია ცესკოს იმ წევრს არ დაენიშნება, რომლის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს და რომლითაც დადასტურებულია მის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.
ორივე კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.