თბილისი (GBC) - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს: "ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი შეურაცხყოფს ხალხს, რომელიც 40 ღამის განმავლობაში დგას თბილისის ქუჩებში, აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს".

„ასეთი არასწორ დროს შერჩეული ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას, ეს მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

მანამდე, 5 იანვარს, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტს გეგმავს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არალეგიტიმურად აცხადებენ მე-11 მოწვევის პარლამენტს, „ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას და კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

პია კაუმას ერთობლივი წერილით მიმართეს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა: „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" და „ძლიერი საქართველო". ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამაც.

ოპოზიციის მიერ ახალი არჩევნების მოთხოვნით 2024 წლის შემოდგომაზე დაწყებული აქციები გაძლიერდა და სამოქალაქო პროტესტის სახე მიიღო 28 ნოემბრიდან, ზუსტად მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ  ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

მე-40 დღეა, დემონსტრანტები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებასა და ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

საპროტესტო გამოსვლები საპოლიციო ძალებმა არაერთხელ დაშალეს სპეცსაშუალებების გამოყენებით. დააკავეს 500-ზე მეტი პირი, მათგან 40-ზე მეტს სისხლისსამართლებრივი ბრალდება აქვს წაყენებული.