თბილისი (GBC) - უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორთა საბჭომ უკრაინისთვის დაამტკიცა გაფართოებული დაფინანსების ახალი, ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც $8.1 მილიარდს შეადგენს.

სვირიდენკოს თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინა მიიღებს პირველ ტრანშს - დაახლოებით $1.5 მილიარდს, რომელიც მიიმართება „ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად და მაკროფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად“.

„პროგრამა, რომელსაც სავალუტო ფონდი მხარს უჭერს, წარმოადგენს უფრო ფართო ფინანსური ჩარჩოს ნაწილს, რომლის მიზანია ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის პროგნოზირებული დეფიციტის დაფარვა, რაც $136.5 მილიარდს შეადგენს. ის ითვალისწინებს იმ რეფორმების გაგრძელებას, რომლებმაც წინა წლებში მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყვეს“, - აღნიშნავს იულია სვირიდენკო.

უკრაინული მედია წერს, რომ IMF-თან თანამშრომლობის ახალი პროგრამა წარმოადგენს „ღუზას“ მთელი საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერისთვის. კერძოდ, ის საფუძველია ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის მისაღებად.

სვირიდენკომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დაფინანსების გარდა, საუბარია G7-ის ქვეყნების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარებასა და ოფიციალურ ვალზე მომსახურების გადასახადების შემცირებაზე, რაც ვალის შემსუბუქების მექანიზმით გახდა შესაძლებელი.

„პარტნიორებმა დაადასტურეს ოფიციალური ვალის მომსახურებაზე მოქმედი მორატორიუმის გაგრძელება და გამოხატეს მზადყოფნა, დაასრულონ რესტრუქტურიზაცია სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ“, - განაცხადა სვირიდენკომ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა, უკრაინისთვის ახალი, 8.1-მილიარდიანი საკრედიტო პროგრამისთვის გაეუქმებინა წინასწარი პირობები (prior actions). საუბარია მოთხოვნებზე, რომლებიც ეხებოდა ინდივიდუალური მეწარმეებისთვის (ФОП) დღგ-ის დაწესებას, ამანათებზე ბაჟის შემოღებას, ციფრული პლატფორმების დაბეგვრასა და სამხედრო მოსაკრებლის შენარჩუნებას.

იანვარში იტყობინებოდნენ, რომ IMF-ს დირექტორთა საბჭოს გაფართოებული დაფინანსების პროგრამა (EFF) შესაძლოა თებერვალში დაემტკიცებინა, რაც პირველ რიგში დამოკიდებული იქნებოდა უკრაინის მიერ შეთანხმებული წინასწარი ქმედებების შესრულებაზე.