თბილისი (GBC) - ევროპის საბჭოს ინფორმაციით, 34 ქვეყანამ და ევროკავშირმა "უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია" დააფუძნეს, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. კონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
დიპლომატიურ კონფერენციას 50 ქვეყნის ლიდერი და მაღალი დონის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის" უკრაინის პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სჰოფი.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ის განაგრძობს უკრაინის მიწის ოკუპაციას. ზელენსკის თქმით, რუსეთმა თავი უნდა იგრძნოს დამნაშავედ და შედეგები იწვნიოს.
“მოველით, რომ ზიანისა და სარჩელების რეესტრიდან კომპენსაციისთვის ყოველი მექანიზმიდან რეალურ გადასახადებამდე - დაიწყებს მუშაობას და ძლიერ და საკმარის საერთაშორისო მხარდაჭერას მიიღებს, რათა ხალხმა ნამდვილად შეძლოს შეგრძნება, რომ ომით გამოწვეული ნებისმიერი ზიანი შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს. ეს ომი, და მისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა, ცხადი მაგალითი უნდა გახდეს - რათა სხვებმა ისწავლონ აგრესიის არარჩევა”, - განაცხადა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.
"უკრაინის ზიანის რეესტრი" 2023 წელს შეიქმნა და ის აგროვებს ინდივიდების, ორგანიზაციებისა და უკრაინის საჯარო უწყებების საჩივრებს. რეესტრს შეუერთდა 44 სახელმწიფო და ევროკავშირი და მას უკვე მიღებული აქვს 86 ათასი საჩივარი.
"საჩივრების საერთაშორისო კომისია" კი გადახედავს, შეაფასებს და გადაწყვეტილებებს მიიღებს რეესტრში შესულ საჩივრებზე და განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას თითოეული შემთხვევისთვის.
კონვენცია კომისიის დაფუძნებაზე ძალაში შევა, როცა ხელმომწერი მინიმუმ 25 ქვეყანა მოახდენს მის რატიფიკაციას და მობილიზდება საკმარისი თანხა მისი მუშაობის დასაწყებად.
უკრაინის სახელით კონვენციას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ.