თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში მიმდინარე ღონისძიებაზე „დაუჭირე მხარი უკრაინას“ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები „ყველა ყველაზე“ ფორმატში და ეს სამართლიან ვარიანტად მიიჩნია. მისივე განცხადებით, ყველა უკრაინელი ტყვის გათავისუფლება ომის დასრულებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი უნდა იყოს. 

„ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომელიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ, რადგან არ არსებობს ნდობა რუსეთის მიმართ. ჩვენ გვჭირდება სიტუაციები, რომლებშიც ომის დასრულებაზე საუბრობენ. რეალური სიტუაცია. ახლა კი ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება. ათასობით, ზუსტად ათასობით ადამიანი, რომლებიც რუსეთში არიან დაკავებული. ზოგიერთი მათგანი არა 2022 წლიდან, არამედ ბევრად უფრო ადრე, 2014 წლიდან. რუსეთმა უნდა გაუშვას უკრაინელები. უკრაინა მზადაა გაცვალოს ყველა ყველაზე და ეს სამართლიანი ვარიანტია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის, ევროპის, აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით უნდა გაიმართოს.

„პირველი - ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება და ამიტომ უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს ევროპასთან ერთად. რუსეთის სტრატეგიული სამიზნე სწორედ ევროპაა, ევროპული ცხოვრების წესი. ეს ნიშნავს, რომ მისი უსაფრთხოება და ევროპის ბედი ევროპის გარეშე არ შეიძლება განისაზღვროს. უკრაინა, ევროპა ამერიკასთან ერთად - ჩვენ უნდა ვიყოთ მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის მოპირდაპირე მხარეს, რათა მშვიდობის აუცილებლობა კვლავ არ დაირღვეს ნორმალიზაციის, გადატვირთვის ან შერიგების დაპირებებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

23 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, 24 თებერვალს, კიევში გაიმართება უკრაინის პარტნიორთა სამიტი, რომელსაც დაესწრება 13 ქვეყნის ლიდერი, კიდევ 24 კი მონაწილეობას ვიდეოკავშირით მიიღებს.

მართლაც, დღეს დილით, უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავზე, კიევში ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.

ამასთან, უკრაინაში ჩავიდნენ ბალტიის ქვეყნების, ესპანეთისა და კანადის ლიდერებიც.

მათ კიევის რკინიგზის სადგურში დახვდნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა.