თბილისი (GBC) - მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან განხორციელებულმა ადგილობრივმა ექსპორტმა $1.9 მლრდ შეადგინა. ეს მაჩვენებელი 22.1%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდზე (2022 იან-აგვ: $2.5 მლრდ).

ადგილობრივმა ექსპორტმა, მთლიანი ექსპორტის 47.3% შეადგინა. შეგახსენებთ, 8 თვეში მთლიანმა ექსპორტმა $4.1 მლრდ შეადგინა.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 75.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (365.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (262.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (223.9 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 406.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 21.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 168.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 114.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.0 პროცენტი).