თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3%-ით განისაზღვრა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (5.2%), პური და პურპროდუქტები (2.2%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.9%), თევზეული (1.5%), ზეთი და ცხიმი (1.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.2%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-2.1%), რძე, ყველი და კვერცხი (-1.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.2%);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.5%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია ტანსაცმელზე (2.3%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.4%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.04 პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0.7%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (0.5%) და საავადმყოფოების მომსახურება (0.3%);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.11 პ.პ-ით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-1.9%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.2%). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.3%).
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2025 წლის აპრილის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (18.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (15.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11%), პური და პურპროდუქტები (8.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8%), თევზეული (6.1%), რძე, ყველი და კვერცხი (5.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7%). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-8.3%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.77 პ.პ-ით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.5%), სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.9%) და საავადმყოფოების მომსახურების (7.6%) ქვეჯგუფებზე;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.1%-ით, რაც 0.3 პ.პ-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (20%), დაზღვევა (8.7%), საფინანსო მომსახურება (5.4%), პირადი ჰიგიენა (3.2%);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.46 პ.პ-ით აისახა.