თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 614.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.1%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 482.1 ათასი შეადგინა, რაც 7.6%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 323.1 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.
ვიზიტების უმრავლესობა, 47.1%, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 44.9% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 36.6%, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 184.9 ათასი და 70.2 ათასი ვიზიტი.
2025 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.7 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.4 ღამე) 4%-ით მეტია. ვიზიტების 98.6% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2025 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 481.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 5.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის I კვარტალთან შედარებით 14.4%-ით გაიზარდა და 998.8 ლარი შეადგინა.