თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $7.29 მლრდ შეადგინა, რაც 11.2%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.2%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 12.5%-ით გაიზარდა და $3.36 მლრდ-ს გაუტოლდა.

2025 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:

  • რუსეთი - $700.7 მლნ
  • ჩინეთი - $301.9 მლნ
  • თურქეთი - $298.8 მლნ

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $378.9 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, $266.5 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები $236.8 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7%).