თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, იანვარში საქართველოში $5.3მლნ-ს 16.7 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. ეს მონაცემი ფულად გამოსახულებაში 44.4%-ით მეტი, ხოლო მოცულობაში 42%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021იან: $3.6მლნ-ს 11.8 ათასი ტ). იმპორტირებული ხორბლის 100% რუსეთიდან შემოვიდა. 

ამ პერიოდში ხორბლის საიმპორტო ფასი ფაქტობრივად არ შეცვლილა (1.6%-ით გაიზარდა). თუ შარშან იანვარში 1 ტონა ხორბლის ფასი 313 დოლარი იყო, 2023 წლის იანვარში მისი ფასი 318 დოლარი გახდა.

2022 წლის იანვრის კურსით ლარში 1 ტონა ხორბლის საიმპორტო ფასი 963 ლარს შეადგენდა, წლევანდელი კურსით კი 852 ლარია. ეს ნიშნავს, ხორბლის საიმპორტო ფასი ლარში, შესაბამისი კურსებით, 11,5%–ით – 111 ლარით არის გაიაფებული.

რაც შეეხება ფქვილს, იანვარში ქვეყანაში სულ $6 მლნ-ის 18.1 ათასი ტონა ფქვილი იმპორტირდა, რაც ფულად გამოსახულებაში 98.1%-ით მეტია, ხოლო რაოდენობაში 101.4%-ით მეტია წინა წლის იანვარზე (2021იან: $3 მლნ-ს 9 ათასი ტ).

როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის შემთხვევაში საიმპორტო ფასი თითქმის არ შეცვლილა (1.7%-ით შემცირდა). როგორც შარშან იანვარში, ასევე წელს იანვარში 1 ტონა ფქვილის ფასი საშუალოდ 330 დოლარია.

2022 წლის იანვრის კურსით 1 ტონა ფქვილის საიმპორტო ფასი 1013 ლარს შეადგენდა, წლევანდელი კურსით კი 884 ლარია. შესაბამისად, წლიდან წლამდე ფქვილის საიმპორტო ფასი, ლარში გამოსახული, 129 ლარით – 12,7%–ით არის გაიაფებული.

იანვარში ფქვილის 98%-ზე მეტი რუსეთიდან შემოვიდა.

საქსტატის ინფორმაციით საქართველოში იანვარში, წინა წლის იანვართან შეფარდებით  ხორბლის პური 19.2%-ით გაძვირდა. ხორბლის ფქვილი კი 21.7%-ით.