თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.1%-იანი მატება.

2025 წლის ნოემბერთან შედარებით ფასები 0.2%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.01 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.2%), რამაც 0.19 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.4%) და ძირითად ლითონებზე (3%). გარდა ამისა, ფასების 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.1 პ.პ. შეადგინა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 22.4%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.44 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (30.8%);
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.8%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.83 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (11.5%) და ძირითად ლითონებზე (5.3%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 7.6%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.79 პ.პ.-ით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 1.5%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.04 პ.პ.-ით იქონია გავლენა.