თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 506.8 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 1.2%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 3.1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 623.6 ათასით განისაზღვრა, რაც 9.4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55%-ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 35.6% თბილისის მცხოვრებია, 15.6% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.1% — აჭარაზე, 9.1% — ქვემო ქართლზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 378.2 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 328.4 ათასი ვიზიტი თვეში). 

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 242.4 მილიონი ლარით, რაც 8.8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 5.9%-ით და 160.8 ლარს გაუტოლდა.