თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, III კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 736.9 ათასი მგზავრი, რაც 33.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 223.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 33.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2023 წლის III კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 717.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.4 პროცენტს შეადგენს და 35.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 19.5 ათასი მგზავრი, რაც 22.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 77.5 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 22.5 პროცენტი (2023 წლის III კვარტალში აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2021-2023 წლებში:
2023 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 11.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 13.3 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.0 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 56.7 პროცენტი - ტრანზიტზე.
2023 წლის III კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 24.6 პროცენტი ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 75.4 პროცენტი - ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის სტრუქტურა, 2021-2023 წლებში:
2023 წლის III კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.9 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 29.5 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი, 2.9 პროცენტისათვის - რუმინეთი, 2.6 პროცენტისათვის - თურქმენეთი, 2.0 პროცენტისათვის - ბელარუსი, 1.7 პროცენტისათვის - თურქეთი, 1.6 პროცენტისათვის - ჩინეთი, 0.1 პროცენტისათვის - ყაზახეთი1 . 2023 წლის III კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.1 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 8.7 პროცენტისათვის - რუსეთის ფედერაცია, 8.3 პროცენტისათვის - სომხეთი, ხოლო 4.4 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი. 2023 წლის III კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 10.7 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს, 6.5 პროცენტისათვის - ნიდერლანდები, 6.0 პროცენტისათვის - იტალია, 5.1 პროცენტისათვის - ჩინეთი. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 7.5 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენს, 3.8 პროცენტისათვის - ჩინეთი, 1.8 პროცენტისათვის - თურქეთი, ხოლო 1.6 პროცენტისათვის - ამერიკის შეერთებული შტატები. 1 მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის მიზნიდან გამომდინარე, ცალკეული ქვეყნიდან/ქვეყანაში გადატანილი ტვირთის მოცულობის მაჩვენებლები არ არის ხელმისაწვდომი.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 30.2 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 27.3 პროცენტი - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 13.6 პროცენტი - საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე. სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 68.9 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 12.1 პროცენტი - სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე, ხოლო 8.9 პროცენტი - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (41.4 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (25.7 პროცენტი) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (10.1 პროცენტი), ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (53.2 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.1 პროცენტი), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (7.9 პროცენტი) და ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (3.6 პროცენტი). 2023 წლის III კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 73.8 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის. კერძოდ, ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (29.2 პროცენტი), ლითონის მადანი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (26.2 პროცენტი) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (18.5 პროცენტი). ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია რკინიგზით გადატანილი ტვირთების სტრუქტურა 2023 წლის III კვარტალში: