თბილისი (GBC) - შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2023 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 89.0 %, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.6 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა საქალაქო დასახლებაში, ხოლო 1.0 პროცენტული პუნქტით სოფლად და შესაბამისად, 93.1 და 83.4 პროცენტი შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად, 96.2 და 94.2 %  შეადგინა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 82.7 %-მა, რაც 2.8 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 87.7 %-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 74.7 %-ით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 83.0 %-ს, ხოლო კაცების შემთხვევაში 82.3%-შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 98.1 %-ს შეადგენს.

 

15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 93.0 % ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 6.4 % - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 0.6 % კი - უფრო იშვიათად.

 

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის პროცენტული წილი ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზნების მიხედვით.

15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 30.0 %-მა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება.

15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 99.1 %-მა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისათვის 99.2 პროცენტს, ხოლო კაცებისათვის - 98.9 პროცენტს შეადგენს. ამასთან, ასაკობრივ ჭრილში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (99.7%) 15-29 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა.