თბილისი (GBC) - ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 13.3%-ით გაიზარდა და 12.6 მილიარდი კილოვატ/საათი შეადგინა.
ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო გაზრდილი წყალმოდინებით.
საქსტატის ცნობით, 2021 წლის განმავლობაში მოპოვებულია 35.5 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2020 წელთან შედარებით 13.4%-ით მეტი), 147.9 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 48.9%-ით მეტი) და 16 მილიონი კბ/მ ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 1.8-ჯერ მეტი). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება 3.7%-ით გაიზარდა და 1 256.5 ათასი კბ/მ შეადგინა. ამავე პერიოდში შემცირებულია სხვა ბიოსაწვავისა და ნარჩენების წარმოება.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში 2021 წელს წარმოებული ენერგორესურსების სტრუქტურას, გაანგარიშებულს ათასი ტონა ნავთობის ეკვივალენტში. როგორც დიაგრამიდან ჩანს, წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი (74.2 %) მოდის ელექტროენერგიაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებიდან წარმოებული ენერგია (16.0 %), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება:
2021 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 13.1 მილიარდი კილოვატ/საათი ელექტროენერგია შეადგინა, რაც 14.3 %-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2021 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2.8 მილიარდი მ3 (წინა წელთან შედარებით 3.8 %-ით მეტი), ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2.2 მილიარდი მ3 შეადგინა, რაც 11.0%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2020 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა შინამეურნეობების სექტორში (9.3 %-ით მეტი). მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა კერძო და სახელმწიფო მომსახურების დარგში. უნდა აღინიშნოს, რომ საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირებულია, რაც განპირობებულია გარკვეულწილად ფასის ზრდით და ბოლო პერიოდში თხევადი გაზის (LPG) მხრიდან გაზრდილი კონკურენციით. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ქვეყანაში ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების რაოდენობის ზრდა განაპირობებს ავტოტრანსპორტის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებასაც.
2021 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია შინამეურნეობების სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 30.7 %. რაც შეეხება სხვა დარგებს, 30.6 %მოდის ტრანსპორტის, 18.0 % - მრეწველობის, 3.9 % - მშენებლობის, 0.5 % - სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 16.3 % - კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1.4 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი, (წინა წელთან შედარებით 5.6%-ით მეტი). ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 39.0 % მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (28.3 %) და ელექტროენერგია (23.0%). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 4.8 %-ს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენები, ხოლო დარჩენილი 5.0 % მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.