თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით 3Q26-ში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.1 მილიონი შემოსვლა, რაც 3.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 40.1%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.6 მილიონი შეადგინა, რაც 3.3%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
3Q26-ში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც 3.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 2.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 4.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 82.1% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.3% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.6% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
საქსტატის მონაცემებით 3Q26-ში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 596.8 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.7%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 14.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 11%-იანი წილით.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (695.8 ათასი), თურქეთისა (398.1 ათასი) და სომხეთის (316.2 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა (44.5%) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 48.8%-ს შეადგენდა.
3Q26-ში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (58.8%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 1 349.5 ათასი და 1 291.0 ათასი ვიზიტი.
3Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 3Q25-ში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.3 ღამე) 2.2%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 76.7% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
3Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ₾5.7 მილიარდს გაუტოლდა, რაც 8.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 3Q25-თან შედარებით 11.1%-ით შემცირდა და 2 194.4 ლარი შეადგინა.
