თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $6.01 მლნ შეადგინა, რაც 7.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 43.1%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა და $2.58 მლნ-ს გაუტოლდა.

2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი ($510.7 მლნ.), თურქეთი ($385.6 მლნ) და ჩინეთი ($253.8 მლნ).

საქსტატის მტკიცებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი $316.3 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები $261.2 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.1%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, $212.6 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2%).