თბილისი (GBC) – ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით მოქალაქე ნაწლავის ჩხირით დაინფიცირდა აშშ–ის 10 შტატში მას შემდეგ, რაც McDonald’s–ის როიალ ჩიზბურგერი მიირთვეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრზე დაყრდნობით წერს.
ოფიციალური პირების ცნობით, McDonald’s–ის მენიუს ერთ–ერთი პოპულარული კერძით მოწამვლა 49 ადამიანს დაუდგინდა, მათ შორის 10 ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
გამოვლენილ შტამს E. coli O157:H7 სერიოზული ავადმყოფობის გამოწვევა შეუძლია და სწორედ ის იყო 1993 წელს ინფექციური აფეთქების წყარო, როდესაც Jack in the Box–ის ნახევრად უმი ჰამბურგერების ჭამის შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა.
მსოფლიოში სწრაფი კვების ყველაზე დიდი ქსელის აქციების ფასი, ზემოხსენებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 6%–ით დავარდა. პირუტყვით მოვაჭრემ განაცხადა, რომ ეს პრობლემა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის კოტირებებსაც შეეხება, რადგან საქონლის ხორცზე მოსალოდნელია მოთხოვნის შემცირება.
გამოკითხულ დაავადებულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ პირველი სიმპტომების გამოვლენის წინ სწორედ McDonald’s–ის როიალ ჩიზბურგერი მიირთვეს.
დაავადების გამომწვევი კონკრეტული ინგრედიენტის იდენტიფიცირება ჯერ არ მოუხდენიათ, თუმცა მკვლევრები უმ ხახვსა და საქონლის კატლეტებს იკვლევენ.
ინფიცირებულთა უმრავლესობა კოლორადოსა და ნებრასკას შტატების მცხოვრებლები არიან.