თბილისი (GBC) – დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფუძემდებელს კლაუს შვაბს, რომელმაც ორგანიზაციის მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან გუშინ გადადგა, ფინანსურ მაქინაციებსა და ეთიკურ გადაცდომებში ამხელენ, წერს გამოცემა The Wall Street Journal.

გაზეთის წყაროების ინფორმაციით, მეურვეთა საბჭოს შვაბის წინააღმდეგ გამოძიების დაწვება ანონიმური წერილის საფუძველზე გადაწყვიტეს. წერილში ნათქვამია, რომ შვაბი თანამშრომლებს საბანკო ანგარიშებიდან ათასობით დოლარის მოხსნას სთხოვდა და ფორუმის ფულს სასტუმროებში მასაჟისთვის იყენებდა. წერილის ავტორი ირწმუნება, რომ შვაბის მეუღლე ჰილდა ფორუმის ფარგლებში „სიმბოლურ“ შეხვედრებს მართავდა, რათა გაემართლებინა ფორუმის შემოსავლების ხარჯზე ძვირად ღირებული დასვენება კურორტზე.

ფორუმის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ წერილში მოყვანილ მონაცემებს სერიოზულად მიუდგნენ და საბჭო გამოძიების შედეგებს დაელოდება, უფრო დეტალური კომენტარის გასაკეთებლად.

ამ ბრალდებების თავიდან აცილების მიზნით კლაუს შვაბი სასამართლოს მიმართავს წერილის ავტორისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც „ამ სიცრუეს ავრცელებს“. ამის შესახებ გამოცემას შვების ოჯახის წარმომადგენელმა უთხრა. მისი თქმით, ფორუმის ფუძემდებელი მასაჟისთვის ფულს ფორუმის ბიუჯეტიდან სესხულობდა და შემდეგ აბრუნებდა.

წერილში იმაზეცაა საუბარი, თუ როგორ ექცეოდა შვაბი ფორუმის ქალ თანამშრომლებს, თუ როგორ მართავდა ფორუმს ათწლეულების განმავლობაში და აიგნორირებდა ქალებზე სექსუალურ ძალადობას და ფერადკანიანების მიმართ დისკრიმინაციას. ფორუმში მარტში განაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხებზე გამოძიებამ ვერ დაადასტურა ბრალდებები, თუმცა პრობლემები გამოვლინდა „ხელმძღვანელობასა და მართვაში... რომლებიც დადგენილ სტანდარტებს სცდება“.

შვაბი აპრილის დასაწყისიდან საუბრობდა თანამდებობის დატოვების შესახებ და ეს მას შემდეგ მოხდება, რაც მემკვიდრეს შეარჩევს. Financial Times წერდა, რომ შვაბის თანამდებობიდან წასვლის პროცესი 2027 წელს უნდა დასრულებულიყო, რაც დაწყებულმა გამოძიებამ დააჩქარა.