თბილისი (GBC) - თურქეთის ქალაქ სტამბოლში მაგნიტუდით 6.2 მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 40 წუთის განმავლობაში ქვეყანაში სამი მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი კი მაგნიტუდით 6.2 იყო.

მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში დაფიქსირდა და ძლიერი ბიძგები სტამბოლსა და მეზობელ პროვინციებში იგრძნობოდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მედიის ინფორმაციით, მიწისძვრას მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა, მოქალაქეებმა შენობები დატოვეს და ქუჩებში გავიდნენ.

განახლება

თურქეთის  შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ „ჯერჯერობით არავის დაურეკავს და დახმარება არ უთხოვია, რომ სახლი ან შენობა ჩამოინგრა“.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულქადირ ურალოღლუმ კი აღნიშნა, რომ პირველადი შემოწმების შედეგად, გზატკეცილებსა და აეროპორტებში დაზიანება არ დაფიქსირებულა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ვითარებას ყურადღებით აკვირდება“.