თბილისი (GBC) – სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას, წერს „არმენპრესი“. დოკუმენტს ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოაწერეს. ცერემონია ვაშინგტონში ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში 14 იანვარს გაიმართა.
ბლინკენმა ქარტიის ხელმოწერას დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის. „ჩვენ აშშ–სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას ვქმნით. ეს დაგვეხმარება თანამშრომლობის გაფართოებაში ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ეკონომიკა, უსაფრთხოება, თავდაცვა, დემოკრატია და მართლმსაჯულება. ჩვენი ქვეყნები უფრო ძლიერი პარტნიორები ხდებიან, რაც სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ სომხეთს და შეერთებულ შტატებს, არამედ რეგიონის ქვეყნებსაც“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა.
არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი სომხეთ-ამერიკის თანამშრომლობას „უფრო ამბიციურს“ ხდის.
მირზოიანმა აშშ–ს მადლობა გადაუხადა სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
სომხეთის განზრახვის შესახებ, სტრატეგიული პარტნიორობა დაემყარებინა აშშ–თან, პრემიერმა ფაშინიანმა ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში გააჟღერა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისადმი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაგზავნილ მისალოც წერილში. ამასთან, ფაშინიანი მუდმივად აკრიტიკებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (კუხო) მას შემდეგ, რაც 2022–23 წლებში ერევანი ამაოდ სთხოვდა დახმარებას მთიან ყარაბაღში სამხედრო ესკალაციის დროს.
ფაშინიანმა კუხო დაახასიათა როგორც „კავშირი – საპნის ბუშტი“. ფაშინიანის თქმით, კუხო სომხეთის ინტერესების შესაბამისად აღარ მოქმედებს და ამ ორგანიზაციიდან გასვლა შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნება.