თბილისი (GBC) – აშშ–ის აქციების ბაზარზე წლის ყველაზე მძიმე დღე გათენდა, წერს სააგენტო Bloomberg. ყველაზე დიდ დანაკარგს ტექნოლოგიური სექტორი განიცდის. NASDAQ 100 ინდექსში შემავალი კომპანიების ჯამური კაპიტალიზაცია ერთ დღეში $1 მილიარდით შემცირდა. 

ამერიკული აქციების ფასები მას შემდეგ დავარდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს რეცესიის რისკებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Fox News–სთან ინტერვიუში კვირას, 9 მარტს განაცხადა.

ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის ეკონომიკისთვის „გარდამავალი პერიოდი“ დადგება მას შემდეგ, რაც იმპორტზე გადასახადები შევა ძალაში. კითხვაზე, ელოდება თუ არა 2025 წელს რეცესიას, ტრამპმა განაცხადა: „მძულს ასეთი პროგნოზების გაკეთება. ეს გარდამავალი პერიოდია, რადგან რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამერიკას სიმდიდრეს ვუბრუნებთ. ეს მნიშვნელოვანია“. ტრამპმა დასძინა: ცოტა დროა საჭირო იმისთვის, რომ ამერიკელებმა ამ პოლიტიკის რეზულტატი დაინახონ.

S&P 500-ში შემავალ კომპანიებს შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადეს ელექტრომობილების მწარმოებელმა TESLA-მ (–14%) და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა  Palantir Technologies (–11%). Apple-მა 5,3% დაკარკა, Microsoft–მა – 3,5%, ხოლო NVIDIA-ს ფასიანი ქაღალდები 4,8%–ით გაიაფდა.

Bloomberg-ის ცნობით, ამერიკის საფონდო ბირჟაზე ინვესტორები შიშობენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მზადაა სირთულეების მოსათმენად, გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად, რომლებიც იმპორტის დაბეგვრას და სახელმწიფო აპარატის შემცირებას უკავშირდება.