თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, ჩინეთიდან საქართველოში 2024 წლის 1-ელ ნახევარში 21 890 360 აშშ დოლარის ღირებულების 1 365 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა. წლიურ ჭრილში კი ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ორჯერ არის გაზრდილი. რაც შეეხება ამ ავტომობილების ღირებულებას, გამოდის რომ საშუალოდ, წელს იმპორტირებული 1 ჩინური ავტომობილის ფასი 11 -12 ათასის ფარგლებშია (მარკისა და მოდელის მიხედვით, ფასი შესაძლოა უფრო ნაკლები, ან ძვირი იყოს).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში ჩინეთიდან 10 729 150 აშშ დოლარის ღირებულების 852 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოს საშუალოდ 1 ჩინური ავტომობილის შეძენა 15-16 ათასი დოლარის ფარგლებში უჯდებოდა (თუმცა მარკისა და მოდელის მიხედვით, ფასი შესაძლოა უფრო ნაკლები, ან ძვირი იყოს). 

რაც შეეხება ჩინური ავტომობილების წილს მთლიანად მსუბუქი ავტომობილების იმპორტში, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1 246 864 620 დოლარის ღირებულების 83 296 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1 552 343 59- აშშ დოლარის ღირებულების 102 004 ერთეული. შესაბამისად, გამოდის, რომ მიმდინარე წელს მსუბუქი ავტომობილების იმპორტში ჩინური ავტომობილების წილი 1.6% იყო, მაშინ როცა 2023-ში ეს მაჩვენებელი - 0.8%-ს შეადგენდა.