თბილისი (GBC) – მსოფლიო ბანკის მიერ დღეს, 11 აპრილს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებადი და ფორმირებადი ქვეყნებისთვის ეკონომიკური აქტივობა სავარაუდოდ შენელდება, რადგან შესუსტებული გლობალური ეკონომიკა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ჩინეთის შენელება და შემცირებული სასაქონლო ფასები ტვირთად აწევს რეგიონის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდა წელს სავარაუდოდ 2.8%-მდე დაიკლებს, 2023 წელს 3.3%-იანი არსებითი გაძლიერების შემდეგ, როდესაც  რუსეთის  და ასევე ომით დაზარალებული უკრაინის ეკონომიკები ზრდის ტენდენციას დაუბრუნდნენ, ხოლო ცენტრალურ აზიაში თანმიმდევრული ზრდა დაფიქსირდა. 2025 წელს რეგიონული გამოშვების ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ უცვლელი დარჩება.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პერსპექტივაზე ბევრმა ფაქტორმა შეიძლება იქონიოს გავლენა. ძირითად სავაჭრო პარტნიორ  ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ევროზონაში აღდგენის მოსალოდნელზე დაბალმა ტემპმა, მკაცრმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ და გეოპოლიტიკური მოვლენების გამწვავებამ  შესაძლოა კიდევ უფრო შეასუსტოს ეკონომიკური ზრდა რეგიონის მასშტაბით.

„ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები  სხვადასხვა ტიპის კრიზისებთან ბრძოლას განაგრძობენ, რასაც ამწვავებს გლობალური  ეკონომიკური ზრდის  გამოწვევებით აღსავსე გარემო,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე პრეზიდენტმა ანტონელა ბასანიმ. მისივე თქმით: „ ბიზნესის დინამიზმის სტიმულირებითა და კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე რისკების მიმართ მდგრადობის გაუმჯობესებით მიღწეულ პროდუქტიულობის ამაღლებას, შეუძლია რეგიონის მოსახლეობის დაცვა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება.“

ნელი ზრდა კიდევ უფრო შეაფერხებს რეგიონის აღდგენის პროცესს ბოლოდროინდელი შოკების შემდეგ, რომელთა შორისაა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, პანდემია და საარსებო ხარჯებთან დაკავშირებული 2022 წლის ფასების კრიზისი.

ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფად შემცირდა ევროპისა და ცენტრალური აზიის ფორმირებად და განვითარებად ქვეყნებში (EMDEs), ძირითად ენერგომატარებლებზე და სურსათზე ფასების მკვეთრი გლობალური ვარდნის გამო. მედიანური წლიური სამომხმარებლო ფასების ინფლაცია რეგიონში 2023 წლის დასაწყისში არსებული 15%-დან 2024 წლის თებერვალში 4.2%-მდე დაეცა. თუმცა, გასულ წელს რეალური შემოსავლის ზრდის მიუხედავად, 2022 წლის საარსებო ხარჯების კრიზისი კვლავ ახდენს გავლენას შინამეურნეობებზე.

უკრაინაში აღდგენის ტემპი წელს სავარაუდოდ 3.2%-მდე დაიკლებს 2023 წელს არსებული 4.8%-დან, რაც ასახავს მოსავლიანობის შემცირებას და შრომითი რესურსების დეფიციტს. ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივა დონორთა მხარდაჭერასა და რუსეთის შეჭრის ხანგრძლივობაზე რჩება დამოკიდებული.

მსოფლიო ბანკის და პარტნიორი ინსტიტუტების ბოლოდროინდელი შეფასებების მიხედვით, უკრაინის რეკონსტრუქციის და აღდგენის ღირებულება 486 მლრდ. აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ორჯერ აღემატება 2021 წელს ქვეყნის ომამდელი ეკონომიკის  მოცულობას.

ეკონომიკური ზრდა წელს ასევე შესუსტდება თურქეთში 3%-მდე, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება, პანდემიის წლების გამოკლებით, ვინაიდან მაკროეკონომიკური კონსოლიდაციის პოლიტიკა სავარაუდოდ შეზღუდავს ადგილობრივ მოთხოვნას. ნავთობის ფასების გლობალური შემცირება ცენტრალური აზიის პერსპექტივას გააუარესებს და  ეკონომიკური ზრდა წელს  4.1%-მდე შემცირდება 2023 წლის  5.5%-იან მაჩვენებელთან შედარებით.

ანგარიშის სპეციალური თავი ეთმობა კერძო სექტორის შესაძლებლობების გამოყენებას.  ის მიუთითებს, რომ რეგიონის ეკონომიკური განვითარება ეფუძნება გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას ფართო და ღრმა სტრუქტურული რეფორმებისა და კერძო ინიციატივის გაჩენის მეშვეობით, რაც ზრდისა და კეთილდღეობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

სამ ათწლეულზე ნაკლებ დროში ევროკავშირს რეგიონის 12 ქვეყანა მიუერთდა. აღნიშნული ქვეყნების გარდაქმნა ევროკავშირში ინტეგრირებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებად მტკიცე ინსტიტუტებითა და საწარმოო სტრუქტურებით, მიუთითებს იმაზე, რომ  ზოგიერთმა ქვეყანამ შეძლო ღრმა რეფორმების წარმატებულად განხორციელება და მაღალშემოსავლიანი ქვეყნების სტატუსის მოპოვება.

„რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში კერძო სექტორი დაბრკოლებებს აწყდება, რაც აფერხებს გაფართოებისა და ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობას. ბიზნესის დინამიზმის ხელშეწყობა გარკვეულ გამოწვევებზე რეაგირებას მოითხოვს, მათ შორისაა კონკურენტული გარემოს განვითარება, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირება, განათლების ხარისხის ამაღლება და ფირმებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.

კონკურენციის გაძლიერების ძალისხმევა და თავისუფალი ბაზრები ფოკუსირებული უნდა იყოს პროდუქტიული ფირმებისთვის ბაზარზე შესვლის ბარიერების შემცირებაზე, ხოლო არაპროდუქტიული ფირმებისთვის ბაზრიდან გასვლის გაადვილებაზე. სახელმწიფო საწარმოების სიჭარბე ბაზარზე ასევე მთავარი შემზღუდველი ფაქტორია კერძო საწარმოებისთვის თანასწორი ასპარეზის შექმნის თვალსაზრისით.

კერძო ფირმები ასევე დგანან შეუსაბამო განათლების მქონე შრომითი რესურსებისა  და უნარების პრობლემის წინაშე, რაც ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ახალგაზრდების და გამოცდილი მუშახელის ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი ხელს არ უწყობს სიტუაციის  მოკლევადიან პერიოდში გაუმჯობესებას, რადგან უკეთესი განათლების მქონე შრომითი რესურსები ასოცირდება მაღალ პროდუქტიულობასთან და მეტ ინოვაციასთან.

კერძო სექტორის საბანკო დაფინანსება შედარებით დაბალია და არ გაზრდილა გასული ათწლეულის შემდეგ. ასევე უნდა აღინიშნოს  დაკრედიტების მოკლე ვადიანობა. პროდუქტიულობისა და ინოვაციების დონის გასაუმჯობესებლად ფირმებს  გრძელვადიან დაფინანსებასთან წვდომა სჭირდებათ.