თბილისი (GBC) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი “სარფის” გავლით,  საბაჟო კონტროლისაგან მალულად,  საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 346 908 ლარის საბაჟო ღირებულების, 2 276 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

დაკავებულის მოქალაქეობისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.