თბილისი (GBC) – 2023–2032 წლების პერიოდში მსოფლიოში საბანკო ბარათებით თაღლითობის მოცულობა $425 მლრდ–ს მიაღწევს. ამის შესახებ საერთაშორისო საგადახდო სისტემის Mastercard წარმომადგენელმა რაშად კეკჩენმა ბაქოში გამართულ მერვე საერთაშორისო საბანკო ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში გაციფრულების არსებულ პროცესში საფინანსო სფეროში თაღლითობისთვის მეტი შესაძლებლობები ჩნდება: „ელექტრონული კომერცია უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ამ ფონზე თაღლითები უკვე იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა ბანკის კლიენტების ანგარიშებზე წვდომის მოსაპოვებლად. ისინი სულ უფრო რთულ სქემებს ქმნიან ყალბი ვიდეო და სატელეფონო ზარების განსახორციელებლად“.
კეკჩენმა ასევე აღნიშნა, რომ ბანკები, თავის მხრით, ხელოვნურ ინტელექტს თაღლითებთან ბრძოლაში უნდა იყენებდნენ: „გაციფრულება უკვე რეალობაა. ამიტომ ჩვენ სწორად უნდა დავადასტუროთ ჩვენივე ციფრული იდენტურობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოებაში ინვესტირება“.