თბილისი (GBC) - სპეციალური პენიტენციური სამსახური „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ის ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში კვლევების ჩასატარებლად.

„ბრალდებული მ.ა. სამოქალაქო სექტორის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად. ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.

ბრალდებული მ.ა., ამ ეტაპზე, რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების თქმით, განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი.

დამოუკიდებელი მედია „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 25-ე დღეა, შიმშილობს.

ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგიერთი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება.