თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი იწვევს: ეკონომისტებს, მკვლევრებს, ანალიტიკოსებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენცია, სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისში მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება. ღონისძიება მიზნად ისახავს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს არსებული გამოწვევებისა და სამომავლო დახვეწის შესახებ დისკუსიების გამართვასა და ანალიზს. კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატიკას:

მონეტარული პოლიტიკა გაურკვევლობის პირობებში
მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები მცირე ღია განვითარებადი ეკონომიკებისთვის
მომავალი მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიების შემუშავება
მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაცია გაურკვევლობის პირობებში

მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთის შესახებ უნდა წარმოადგინონ უკვე გამოქვეყნებული კვლევა/ ნაშრომი.

წარმოდგენილ ნაშრომებს განიხილავს და კონფერენციაზე პრეზენტაციის სახით წარსადგენად შეარჩევს საორგანიზაციო საბჭო, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომისტთან დუგლას ლაქსტონთან ერთად სებ-ის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული.

ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა : 31 ოქტომბერი, 2024

კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური
 
განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Research@nbg.gov.ge
 
ნაშრომების მიღების ვადის ამოწურვის შემდგომ დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.