თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში ოქროს ფასი თვიურად 5.2%-ით გაიზარდა. ძვირფასმა მეტალმა სექტემბრის ოთხივე კვირაში შეძლო ახალი რეკორდის დამყარება, რაც ძირითადად საპროცენტო განაკვეთების კლების, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის და ინდური მოთხოვნის შედეგი იყო.
გალტ & თაგარტის მტკიცებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად, ოქროს ფასი ზრდას განაგრძობდა. შესაბამისად, ახლა როცა კლების ციკლი დაიწყო, ძვირფასმა მეტალმა ფასის ზრდის ახალი ფაქტორი შეიძინა.
აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა სექტემბერში განაკვეთები 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა. მოგვიანებით, აშშ-ს მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხმარებელთა განწყობის ყველაზე დიდი შემცირება აჩვენა, რაც ფედერალური რეზერვის მხრიდან ახალი შემცირებების წინაპირობა შეიძლება იყოს. ამ ეტაპზე, ტრეიდერები წლის ბოლომდე აშშ-ს განაკვეთების 75 საბაზისო პუნქტით კლებას ელიან, რაც კიდევ ერთ 50 საბაზისო პუნქტით და ერთ 25 საბაზისო პუნქტიან კლებებს ნიშნავს.
დამატებით, ევროპის ცენტრალური ბანკიც განაგრძობს კლების ციკლს და სექტემბერში განაკვეთები 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. მსხვილ ეკონომიკებში კლებადი განაკვეთები ოქროს ფასისთვის დადებითია, ვინაიდან ის მეტად კონკურენტული ხდება დაბალგანაკვეთიან სახაზინო ობლიგაციებთან. შესაბამისად, სექტემბრის ბოლოს ინვესტორების ოქროს ყიდვის პოზიციები 4-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა.
გალტ & თაგარტის ინფორმაციით, მაღალი განაკვეთების პირობებში ოქროს ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი არსებული გეოპოლიტიკური რისკები იყო. ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ბოლო გავითარებამ ნაკლებად რისკიან აქტივებში (მათ შორის ოქროში) ინვესტიციები გაზარდა. შესაძლო დამატებითი ესკალაციების, აშშ-ში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების და სხვა არსებული რისკების ფონზე ოქროს ფასი, სავარაუდოდ მატებას განაგრძობს.
დამატებით, როგორც გალტ & თაგარტის მიერ წინა მიმოხილვაში აღინიშნა, ფუნდამენტური ფაქტორები (ფიზიკურ ოქროზე მოთხოვნა) ჯანსაღად გამოიყურება. ოქროს ინდური მოთხოვნა მეტად სამომხმარებლო ხასიათით გამოირჩევა, ვიდრე საინვესტიციო. შესაბამისად, წლის განმავლობაში ფასის უწყვეტი ზრდა ქვეყნის მოთხოვნას ამცირებდა. თუმცა, ივლისის ბოლოს მთავრობამ ოქროს იმპორტზე გადასახადი 9 პ.პ-ით შეამცირა. ეს ოქროს იმპორტის ზრდაში მალევე აისახა და აგვისტოში იმპორტირებული ოქროს ღირებულებამ რეკორდული $10.1 მლრდ შეადგინა.
მაღალი მოთხოვნის შენარჩუნება თებერვლამდეა მოსალოდნელი, ვინაიდან სექტემბერი-თებერვალი ინდოეთში ქორწილებისა და ფესტივლების სეზონია, რაც დივალის ფესტივალით იწყება.