თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში ნავთობის ფასი თვიურად 8.9%-ით შემცირდა. მიუხედავად რამდენიმე დადებითი ფაქტორისა, ფასებმა დაბალი მოთხოვნისა და მოსალოდნელი მაღალი მიწოდების გამო კლება განაგრძო. ინვესტორების ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ, აშშ-სა და ჩინეთის ცენტრალური ბანკებისა და OPEC-ის მიწოდებისკენ იყო მიპყრობილი.
სექტემბერში ფასის კლება ოქტომბრის პირველივე დღეებში დაფიქსირებული მატებით გადაიფარა, რაც ისრაელს, ჰეზბოლასა და ირანს შორის გამწვავებული კონფლიქტის შედეგია. ისრაელმა ჰეზბოლაზე წნეხი გააძლიერა. თავდაპირველად, ათასობით პეიჯერისა და რაციის აფეთქებით დაჯგუფების საკომუნიკაციო არხებს შეუტიეს, რის შემდეგაც მასობრივი სარაკეტო შეტევით უმაღლესი პოლიტიკური ლიდერი მოკლეს. საბოლოოდ კი, ისრაელმა პირველ ოქტომბერს ლიბანის ტერიტორიაზე სახმელეთო შეტევა წამოიწყო. საპასუხოდ ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რამაც რეგიონში სიტუაცია კიდევ ერთხელ გაამწვავა. სიახლე ნავთობის ფასებში უმალვე აისახა (+5.5% ორ სავაჭრო სესიაში 1-2 ოქტომბერს).
3 ოქტომბერს ფასი კიდევ 5%-ით გაიზარდა ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, რომ აშშ განიხილავს დაუჭიროს თუ არა მხარი ისრაელის მიერ ირანის ნავთობ-ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.
გალტ & თაგარტის ინფორმაციით, მოლოდინისამებრ, ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაიწყო, რამაც ნავთობის ფასი მცირედით გაზარდა, რადგან დაბალი განაკვეთები ეკონომიკურ აქტივობას და ნავთობის მოხმარებას ახალისებს. დამატებით, ჩინეთის მთავრობამ ეკონომიკის გამოსაცოცხლებელი ახალი პაკეტი გამოაცხადა. ჩინეთის დაბალ მოთხოვნას მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს ნავთობის ფასზე.
მეორეს მხრივ, ლიბიაში კონფლიქტი განელდა - მხარეები ცენტრალური ბანკის ახალი დირექტორის არჩევაზე შეთანხმდნენ. შესაბამისად, ახლო მომავალში ქვეყნის ექსპორტის შეუფერხებლად გაგრძელებაა მოსალოდნელი. მსგავსად, მიწოდების ზრდაა მოსალოდნელი საუდის არაბეთისგანაც. აქამდე სამეფოს არაოფიციალური სამიზნე ფასი ერთ ბარელზე $100 იყო, თუმცა, მიუხედავად წარმოების ნებაყოფლობითი შემცირებებისა, ფასი კლებას განაგრძობდა.
გალტ & თაგარტის ინფორმაციით, დამატებით, სხვა წყაროებიდან მიწოდების ზრდის გამო საუდის არაბეთი საბაზრო წილსაც კარგავდა. Financial Times-ის მიხედვით, სამეფო $100 მიზანს ივიწყებს და დეკემბრიდან წარმოების ეტაპობრივ ზრდას იწყებს.
შესაბამისად, სექტემბერში ფასის კლება მოთხოვნისა და მიწოდების მიმართ უარყოფითი მოლოდინების შედეგი იყო. თუმცა, დაბალმა განაკვეთებმა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა შესაძლოა ტრენდი სწრაფად შემოაბრუნოს. წინასწარი გათვლებით, ფასი ერთ ბარელზე $7-28 ფარგლებში შეიძლება გაიზარდოს და ზომა დამოკიდებული იქნება რეგიონში სიტუაციის ესკალაციის სიმძაფრეზე.