თბილისი (GBC) – ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 9 ოქტომბერს ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო. დოკუმენტი ევროკომისიას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვისკენ, წევრ სახელმწიფოებს კი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაუყოვნებლივ დასანქცირებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 495-მა ევროდეპუტატმა, დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცა 73-მა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის ტექსტი ერთობლივად წარადგინეს და მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტის ძირითადმა ჯგუფებმა:

  • ევროპის სახალხო პარტია
  • სოციალ-დემოკრატები
  • ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები
  • ლიბერალები (RENEW)
  • მწვანეები (Greens/EFA)

რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი განმეორებით მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს არამხოლოდ „აგენტების კანონის“, არამედ „ოჯახური ღირებულებების კანონმდებლობისა“ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.

რეზოლუციის ტექსტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის "დემოკრატიულ პარტნიორებს" ხელახლა მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილს "დაუწესოს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პირადი სანქციები" საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის გაუარესების გამო.

დღევანდელ კენჭისყრას წინ უსწრებდა დებატები, რომლის დროსაც ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლების კურსი გააკრიტიკეს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის გამო.

მათ განსაკუთრებით გამოჰყვეს ე.წ. "აგენტებისა" და ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონების მიღება, ისევე, როგორც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა.

ევროპარლამენტი „წუხს, რომ საქართველოში, - რომელიც ოდესღაც დემოკრატიული პროგრესისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი იყო, - საკმაოდ დიდი ხანია, დემოკრატია თავისუფალ ვარდნაშია“.

ევროპარლამენტის რეზოლუციას სამართლებრივი ძალა არ აქვს და სიმბლური ხასიათისაა. ევროპარლამენტის როლი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმოებაში შეზღუდულია.

მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტის კრიტიკულმა ტექსტებმა ბიძინა ივანიშვილს სამართლებრივი პრობლემები უკვე შეუქმნა - 2022 და 2023 წლებში მიღებული რეზოლუციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენა ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავაში.