თბილისი (GBC) – საბჭოთა არმიის სპეციალური დანაყოფების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი საზოგადოება სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი, მათ შორის უმეტესად ქალები ემსხვერპლნენ.

დარბევისას რუსი სამხედროები მომწამვლელ გაზს, საველე ნიჩბებს და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდნენ. რუსთაველის გამზირზე მათ ტანკები და ჯავშანმანქანები გამოიყვანეს.

მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ გაურკვეველი გაზით მოწამლული და ნიჩბებით დაჩეხილი ასობით მოქალაქე წლების განმავლობაში გადიოდა მკურნალობას.

ამ ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1918 წელს მიღებული და 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შედეგად დაკარგული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი აღადგინა.