თბილისი (GBC) – ბოლო ხანებში აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობები სულ უფრო მწვავდება. მოსკოვი ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ უფრო მეტ აგრესიას ავლენს ოდესღაც თავისი გავლენის ქვეშ მყოფი, მაგრამ ამჟამად სუვერენული აზერბაიჯანის მიმართ. ამ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება ოფიციალურად 2024 წლის 24 დეკემბერს დაიწყო რუსი სამხედროების მიერ აზერბაიჯანული თვითმფრინავის „Embraer E190“-ის ჩამოგდების შემდეგ, თუმცა ამას წინ უძღოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ რუსულ სპეცსამსახურებთან აფილირებული რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს „Россотрудничество“-ს ბაქოში არსებული ფილიალის „Русский дом“-ის ფუნქციონირების შეზღუდვა. 

2025 წლის დასაწყისიდან გახშირებული ძლიერი კიბერშეტევები აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომლის უკანაც რუსული სპეცსამსახურები დგანან. რუსეთის ძალოვანი სამსახურების მიერ მკაცრი ზომების გატარება რუსეთში მოქმედი აზერბაიჯანული დიასპორის წინააღმდეგ, რასაც ოფიციალურმა ბაქომ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალების „Sputnik“-ის აზერბაიჯანული ფილიალის „Sputnik Азербайджан“-ის ხელმძღვანელობისა და რუსეთის სხვა მოქალაქეების მკაცრი მეთოდების გამოყენებით დაპატიმრებით უპასუხა. პოსტსაბჭოთა სივრცის ორ მნიშვნელოვან და გავლენიან  აქტორს შორის მიმდინარე რთულმა პროცესებმა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიქცია.

აზერბაიჯან-რუსეთი ურთიერთობების გამწვავებამდე

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა უშიშროების, „КГБ“-ს გენერლის, ჰეიდარ ალიევის მიერ ჩამოყალიბებული ალიევების კლანი ილჰამ ალიევის მმართველობის პირობებში პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ოჯახითაც კი რუსულ პოლიტიკურ სისტემასთან და იქაურ ოლიგარქიასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული, აზერბაიჯანისა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის გარკვეული კითხვის ნიშნები ყოველთვის არსებობდა. ამაზე ისიც მიგვანიშნებს, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანების, დსთ-ს რიგებში ყოფნის მიუხედავად, აზერბაიჯანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (კუხო) ჯერ კიდევ 1999 წელს საქართველოსთან ერთად დატოვა. საფიქრებელია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება, საქართველოსთან ერთად, ამ რუსულ სამხედრო ბლოკში ყოფნის უპერსპექტივობას იმთავითვე მიხვდა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით საკუთარი შეიარაღებული ძალების რუსეთისაგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბება გადაწყვიტა. მით უმეტეს იმის შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის პირველ ომში კრემლი სომხეთს დაეხმარა და აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციას შეუწყო ხელი. დსთ-ში კი აზერბაიჯანი იმიტომ შემორჩა, რომ რუსეთთან თანამშრომლობით პოლიტიკურ-ეკონომიკური და ფინანსური სარგებელი ჰქონოდა და თან კრემლის  შესაძლო ეჭვებიც გაეფანტა. ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ დსთ-ში ყოფნით ბაქო სომხეთისათვის დისკომფორტის შექმნასაც ცდილობდა, მას ამ ფორმატის შიგნით თავისუფალი მანევრირების საშუალებას არ აძლევდა და ამავდროულად, მნიშვნელოვან, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანთან დაკავშირებულ საკითხებზე, ინფორმაციულ წვდომას უზრუნველყოფდა.

ამასთანავე, კრემლს თვალში ის არ მოსდიოდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ე.წ. მიუმხრობლობის პოლიტიკას ატარებდა, რადგან მას აზერბაიჯანის კუხო-ში ხელახლა გაწევრიანება სურდა, რაზეც ბაქო კატეგორიულად თავს იკავებდა. მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლება აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაუარესებას ერიდებოდა და ბაქოს ერთგვარ თვითნებობაზე დიდი ხნის განმავლობაში ძალაუნებურად თვალს ხუჭავდა. ამას გარდა, კრემლი თავს იმითაც იმშვიდებდა, რომ რუსეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ძირითად ეფექტურ ბერკეტად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ჰქონდა. მართალია ჰეიდარ ალიევი NATO-ს პოტენციალს კონფლიქტების მოგვარების საქმესა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადების საქმეში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და პოზიტიურ ჭრილში განიხილავდა, მაგრამ ილჰამ ალიევის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს, უკრაინისა და სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანი NATO-სა და ევროკავშირთან დაახლოების სურვილს არ გამოხატავდა. ამას კი კრემლი უდავოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

თუმცა, როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, ილჰამ ალიევმა თურქეთისა და ისრაელის სამხედრო სპეციალისტების დახმარებით, მანამდე საბჭოთა სამხედრო სისტემაზე დაფუძნებული და მნიშვნელოვანწილად რუსული იარაღით აღჭურვილი თავისი არმია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადაამზადა. საგულისხმოა, რომ ბაქომ პარალელურად, თავისი არმია თურქეთისა და ისრაელის, და ასევე, პაკისტანის შეიარაღებითაც აღჭურვა, თუმცა რუსულ შეიარაღებაზე ბოლომდე უარი მაინც არ უთქვამს. მეტიც, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2020 წლის ოქტომბერში ოფიციალურად დაადასტურა კიდეც, რომ მისი ქვეყნის შეიარაღებით მომარაგების საკითხში რუსეთი ლიდერობდა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ამ ეტაპზე აზერბაიჯანული არმია თურქეთის თავდაცვის სისტემის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება. მეტიც, ამჟამად პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საჯაროდ აცხადებს, რომ თურქი სამხედროების აქტიური დახმარებით აზერბაიჯანის არმიაში ინერგება თურქული მოდელი. თუმცა, ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ამ ეტაპზე აზერბაიჯანს შერეული ტიპის შეიარაღებული ძალები და შეიარაღება გააჩნია. ამ კონტექსტში საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ზაქირ ჰასანოვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში ბევრი აზერბაიჯანელი კურსანტი სწავლობდა, თუმცა ბოლო წლებში თურქეთის სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებული აზერბაიჯანელი ოფიცრების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. უდავოა, რომ აზერბაიჯანული არმიის რეფორმირებამ მეორე ყარაბაღული ომის დროს დადებითი შედეგი მოიტანა:  აზერბაიჯანმა ცუდად მომზადებული სომხური არმია დაამარცხა და მთიანი ყარაბაღი დაიბრუნა. საფიქრებელია, რომ სწორედ ეს მოვლენა იქცა მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტად რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში – ამ ომში გამარჯვებამ და კრემლის მიერ ყარაბაღის ბერკეტის დაკარგვამ აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიის ლიდერის სტატუსი გაუმყარა და რუსეთისაგან ფაქტობრივად თითქმის სრულიად დამოუკიდებელი გახადა.

მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება, რა თქმა უნდა, კრემლის ინტერესებს ნაკლებად შეესაბამებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მას უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. შესაბამისად, მოსკოვი იმ ეტაპზე იძულებული გახდა, რომ აზერბაიჯანის მისი გავლენის სფეროდან გასვლას დროებით შეგუებოდა. თან თავის დაზღვევის მიზნით, ზედ ომის დაწყების წინა დღეებში,  2022 წლის 22 თებერვალს აზერბაიჯანთან სამოკავშირეო ურთიერთქმედების ხელშეკრულება დადო. თუმცა, აზერბაიჯანის სტატუს-კვო  კრემლს მაინც არ მოსწონდა. მით უმეტეს სამხედრო სფეროში NATO-ს წევრ თურქეთსა და აშშ-ის ახლო მოკავშირე ისრაელთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე.

რაღაც დოზით, კრემლის ნეგატიური დამოკიდებულება ალბათ იმანაც გამოიწვია, რომ აზერბაიჯანს მჭიდრო ურთიერთობები აქვს დიდ ბრიტანეთთან, რომელიც მის ერთ–ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ბიზნეს-პარტნიორად ითვლება და ენერგეტიკის სფეროში მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს. ამას ისიც დაემატა, რომ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრები დიდ ბრიტანეთში ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას ფლობენ და სწავლა-განათლებასაც ბრიტანულ პრესტიჟულ სასწავლებლებში იღებენ. საფიქრებელი იყო, რომ კრემლი ბაქოს ასეთ „საეჭვო კონტაქტებს“ დიდხანს არ მოითმენდა.

ურთიერთობათა დაძაბვა

2024 წლის 24 დეკემბერს ჩეჩნეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის საზენიტო სისტემებიდან უკრაინის დრონებზე იერიშის მიტანის დროს სერიოზული დაზიანება მიიღო აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა „Embraer 190“-მა, რომელიც საბოლოოდ ყაზახეთის ქალაქ აქტაუს აეროპორტში ჩამოვარდა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ავიაკატასტროფა, რომელსაც დიდი რაოდენობის  მსხვერპლი მოჰყვა,  რუსეთის საზენიტო სისტემების მიერ გაშვებული მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტებმა გამოიწვია. საგულისხმოა, რომ ილჰამ ალიევმა მაშინვე პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი  და  შემდგომ, 20 ივლისს, მისგან ამ ფაქტის აღიარება კვლავ მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში სარჩელით დაემუქრა. ამასთანავე, ილჰამ ალიევმა  უკრაინელებს მოუწოდა, რომ თავისი მიწების ოკუპაციას არ შეეგუონ. ამით ბაქომ კრემლს აგრძნობინა, რომ 90-იანი წლებისგან განსხვავებით ახლა უკვე სხვა რეალობაა და მას დაშანტაჟების უფლებას არ მისცემს. საინტერესოა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავიაკატასტროფის გამო თავის დროზე აზერბაიჯანულ მხარეს ბოდიში მოუხადა, თუმცა მას რუსი სამხედროების დანაშაული არ უღიარებია. ეს ფაქტიც ნათლად გვიჩვენებს თუ როგორ აიგნორებს კრემლი საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ ერთგვარი ზეწოლა შეინიშნებოდა. კერძოდ, ეს რუსეთის მხრიდან კიბერ სივრცეში 2025 წლის თებერვალში აზერბაიჯანზე ძლიერი შეტევების განხორციელებაშიც გამოიხატა, რომლის მიზანს აზერბაიჯანის სახელმწიფო სისტემისა და აზერბაიჯანული მედიასაშუალებების პარალიზება წარმოადგენდა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, კიბერ შეტევა რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა APT29-მ (“CozyBear”) განახორციელა. ეს შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია  იმისა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს კიბერშპიონაჟის და კიბერტერორის კუთხით საკმაოდ ძლიერი რესურსი გააჩნიათ.

ამ კიბერშეტევას წინ უძღოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ბაქოში მოქმედი რუსული კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების საქმიანობისათვის ხელის შეშლა. კერძოდ, ბაქომ დარეგისტრირების საშუალება არ მისცა და ფაქტობრივად თითქმის დახურა რუსულ დაზვერვასთან აფილირებული რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს „Россотрудничество“-ს ფილიალი „Русский дом“-ი, რომელსაც, დიდი ალბათობით, რუსული სპეცსამსახურები ოპერატიულ საფრად და რბილი ძალის ინსტრუმენტადაც იყენებენ. აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით „აზერბაიჯანი თვითონვე დონორ სახელმწიფოს წარმოადგენს და მას  ქვეყნის გარედან რაიმე დახმარება არ სჭირდება. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება სადაზვერვო ხასიათის საქმიანობის მქონე ორგანიზაციის გაურკვეველ და საეჭვო სქემებს“. საგულისხმოა, რომ „Россотрудничество“-ს კავშირზე რუსულ დაზვერვასთან ევროპული ქვეყნების კონტრსადაზვერვო სტრუქტურების ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსეთის ოპოზიციური მედიაც აქტიურად საუბრობს. ამ ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკის გარდა, ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ „Россотрудничество“-ს ხელმძღვანელობს რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსის, ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი ევგენი პრიმაკოვი უმცროსი. საყურადღებოა, რომ ევგენი პრიმაკოვი უმცროსი დიდი ხნის განმავლობაში  სხვადასხვა რუსული ტელეარხის სამხედრო კორესპონდენტად მუშაობდა ახლო აღმოსავლეთში, რაც უდავოდ მის რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან მჭიდრო კავშირზე მიგვითითებს. ამასთან, მას 2013-14 წლებში იორდანიაში რუსულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მედიისა და კომუნიკაციების ოფიცრის თანამდებობა ეკავა, რომელსაც ოპერატიულ საფრად ხშირად სწორედ სპეცსამსახურები იყენებენ.

ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, ნიკოლაი ვალუევის მიერ 2025 წლის თებერვალში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, აზერბაიჯანში „Русский дом“-ის ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის საპასუხოდ სამართალდამცავებს რუსეთში არსებული აზერბაიჯანული დიასპორების საქმიანობა კარგად უნდა შეესწავლათ. ამ განცხადებას აზერბაიჯანში მისი პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოჰყვა. საინტერესოა, რომ შემდგომში რუსეთში მოვლენები სწორედ ვალუევის „რჩევის“ მიხედვით განვითარდა, რამაც რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შეიტანა. კერძოდ, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანული დიასპორის წინააღმდეგ რეიდები და ეთნიკური აზერბაიჯანელების დაპატიმრებები დაიწყეს, რა დროსაც ქალაქ ეკატერინბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანილი ორი პირი, ძმები ზიადინ და ჰუსეინ საფაროვი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ. აზერბაიჯანული მხარის სიტყვებით, ბაქოში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი  რუსული პოლიციის მხრიდან განხორციელებული სასტიკი მოპყრობისა და წამების შედეგად დაიღუპნენ.

საპასუხოდ, აზერბაიჯანმა დააპატიმრა ბაქოში მოქმედი, რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდროდ დაკავშირებული რუსული სააგენტო „Sputnik“-ის ხელმძღვანელობა, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა. გარდა ამისა, თითქმის იმავე პერიოდში აზერბაიჯანელმა ძალოვნებმა დააპატიმრეს რუსეთის ენერგო და კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროების წარმომადგენლებიც, რომლებსაც პოლიტიკასთან რაიმე შეხება არ ქონიათ.

ერთი შეხედვით ესაა „Русский дом“-თან დაკავშირებული ჯაშუშური სკანდალის გაგრძელება, თუმცა თუ ამ მოვლენებს უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ნათლად გამოჩნდება, რომ  აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური ლიდერის პოზიციის შენარჩუნებისათვის იბრძვის და რუსეთს საკუთარი მნიშვნელობას აგრძნობინებს. ამის რესურსი ბაქოს ნამდვილად გააჩნია. მეტიც, აზერბაიჯანს გარკვეულწილად იმის შესაძლებლობაც აქვს, რომ თავისი გავლენა თვით რუსეთის ფედერაციაშიც კი განავრცოს. იგივე ჩრდილო კავკასიაში აზერბაიჯანელებთან ეთნიკურად ახლოს მდგომი ბალყარელები და ყარაჩაელები ცხოვრობენ, ხოლო დაღესტანში ბაქოს დიდი დიასპორა და ძლიერი პოზიციები გააჩნია.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოსა და სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანი ენერგეტიკულად დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მნიშვნელოვან საერთაშორისო  პროექტებშია ჩართული. ამასთან ერთად, სამხედრო სფეროში თურქეთისა და ისრაელის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად მოწყვლადია და საკმაოდ კარგი თავდაცვითი მექანიზმები გააჩნია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ კრემლი მის წინააღმდეგ უფრო მეტად აგრესიული ნაბიჯების გადადგმას დააპირებს, მათ შორის უშუალოდ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო მეთოდების გამოყენებით, მას  სერიოზული პრობლემები შეექმნება. ამიტომაც, მოსკოვი პირდაპირი სამხედრო ქმედებებისგან თავს იკავებს, მაგრამ ბაქოს უპასუხოდ მაინც არ ტოვებს.  რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 18 აგვისტოს უკრაინის ქალაქ ოდესაში აზერბაიჯანული კომპანია SOCAR-ის კუთვნილი ნავთობტერმინალი დაბომბეს. თუკი მხარეებს შორის ურთიერთდაპირისპირების ასეთი მაღალი დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდა, ცხადია ბაქოსა და მოსკოვს შორის ვითარება უკიდურესად გამწვავდება. უკრაინასთან მიმდინარე ომის ფონზე კი, რუსეთისათვის აზერბაიჯანთან დაპირისპირება უაღრესად წამგებიანია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით.

ამ ფონზე, 2025 წლის 8 აგვისტოს, ძალიან საყურადღებო მოვლენა მოხდა აშშ-ში, სადაც ილჰამ ალიევმა და ნიკოლა ფაშინიანმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივით სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც ისინი მათ შორის არსებული სამხედრო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და ახალი სატრანზიტო მარშრუტის გახსნაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადატანა ე.წ. ზანგეზურის/სიუნიკის დერეფნის, ანუ აზერბაიჯანის, სომხეთისა და შემდგომში კი უკვე თურქეთის ტერიტორიების გამოყენებით განხორციელდება. საყურადღებოა, რომ ზანგეზურის/სიუნიკის დერეფნის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას აიღებს ამერიკული კომპანია. ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ხელმოწერა, შეიძლება აზერბაიჯანის ანტირუსულ დემარშადაც განვიხილოთ, რადგან მისი განხორციელების შემთხვევაში რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო შემცირდება, ხოლო აშშ-ისა კი გაიზრდება. ამით აზერბაიჯანმა რუსეთს აგრძნობინა, რომ მას საერთაშორისო არენაზე საკმაოდ მყარი პოზიციები გააჩნია და რუსეთის შანტაჟისაგან თავის დაცვა ყოველთვის შეუძლია. თავისთავად კრემლის რეაქცია ამ ფაქტის მიმართ ნეგატიურია, თუმცა ამ ეტაპზე მას აზერბაიჯანის წინააღმდეგ რაიმე სერიოზული ბერკეტი არ გააჩნია. შესაბამისად, დიდი ალბათობით, კრემლი რაიმე ფართომასშტაბიანი დესტრუქციული ქმედებების განხორციელებისაგან ჯერჯერობით მაინც თავს შეიკავებს. პარალელურად, ამ კონტექსტში ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთი დიდ მნიშვნელობას  ანიჭებს იგივე ე.წ. „ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის“ პროექტს, რომლის საშუალებითაც ის ირანს და მისი პორტების საშუალებით  ინდოეთის ოკეანეს უკავშირდება. ამ პროექტში კი აზერბაიჯანის ტერიტორიას  დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ირანთან დამაკავშირებელი ერთ–ერთი ძირითადი სატრანსპორტო მარშრუტი სწორედ აზერბაიჯანზე გადის. საგულისხმოა, რომ აღნიშნულმა პროექტმა კრემლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა რუსეთ-უკრაინის ომის გამო შეიძინა, რადგან რუსეთს დასავლეთისკენ მიმავალი სატრანსპორტო მარშრუტები დაუკეტეს და სამხრეთის მიმართულებით ახალი ალტერნატიული მარშრუტი მას უდავოდ დიდ ეკონომიკურ სარგებელს მისცემს. არც ისაა გამორიცხული, რომ ამ სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებით რუსეთმა და ირანმა ერთმანეთს სამხედრო დანიშნულების პროდუქციაც მიაწოდონ.

დასკვნა

აზერბაიჯან-რუსეთს შორის ბოლო პერიოდში მიმდინარე რთული პროცესების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ კრემლმა მთლიანად სამხრეთ კავკასიისათვის ბრძოლა დაიწყო და აზერბაიჯანი ამ ბრძოლაში მხოლოდ ერთ–ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ამას ადასტურებს საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე რთული შიდა პოლიტიკური პროცესები, რომლებიც თავისი შინაარსით ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება თუმცა კრემლი ორივეგან აქტიურად ერევა. ბაქომ ბოლო წლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ლიდერად ჩამოყალიბება  და საერთაშორისო არენაზე საკმაოდ წონიან დამოუკიდებელ მოთამაშედ გადაქცევა შეძლო, რაშიც მოსკოვი საკუთარი სახელმწიფო ინტერესების საფრთხეს ხედავს. ფაქტია, რომ რუსეთი პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებს ახლაც საკუთარი გავლენის სფეროებად განიხილავს და შესაბამისად საგრძნობლად გაძლიერებულ აზერბაიჯანს, როგორც „აღზევებულ ვასალს“ ისე აღიქვამს. აქედან გამომდინარე, კრემლი მისი საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნებას ცდილობს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ვიდრე რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩართული და NATO-თან ომის ალბათობაც თითქოს უფრო მატულობს, მისთვის სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაცია და ახალი ფრონტების გახსნის საფრთხე წამგებიანია. ამ ფონზე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთს ძალიან გაუჭირდება სამხრეთ კავკასიაში იმ დომინანტი სახელმწიფოს როლის დაბრუნება, რომელიც მას ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში ჰქონდა. აშკარაა, რომ ამ რეგიონში ყალიბდება სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა, სადაც მოსკოვის გავლენები და ინტერესები ინერციით გარკვეულწილად შენარჩუნებულია, თუმცა თანდათანობით მას მოუწევს ადგილობრივ ქვეყნებთან ახლებური და თანასწორი ურთიერთობების დამყარება.

ავტორი: ვასილ ღლონტი, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი, UGSPN–ის მკვლევარი