თბილისი (GBC) - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.

უწყების ცნობით, სხდომის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ევროპის, ცენტრალური აზიის და ამერიკის საკითხებში მიროსლავ იენჩამ გააკეთა მოხსენება და საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

„სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, სლოვენიის, დანიის და საბერძნეთის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნის - ლატვიის წარმომადგენლები.

განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ 17 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შემდგომი უკანონო სამხედრო ყოფნიდან. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ აჩვენა რუსეთის უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი მეზობლების მიმართ. რუსეთი აგრძელებს ამ გზას უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით.

განცხადებაში მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაგმობილია გაერო-ს ქარტიის დარღვევით საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგრძობადი უკანონო სამხედრო ყოფნა, ასევე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება და ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები.

დოკუმენტში ღრმა შეშფოთებით აღნიშნულია ის ფაქტი, რომ რუსეთმა არ შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაეყვანა თავისი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზებზე და უზრუნველეყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, როგორიცაა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, შეუფერხებელი დაშვება. განცხადების თანახმად, ქვეყნები რჩებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ერთგულნი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

რუსეთს ოკუპირებული აქვს დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამ ორი რეგიონის ოკუპაციიდან ორ თვეში რუსეთმა ისინი დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ორ რეგიონს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20%–ს შეადგენს.

2008 წლის 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.

„ქართული ოცნების" ხელისუფლება ომის დაწყების დღედ 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევს. ის ომის დაწყებაში „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას ადანაშაულებს და არა - რუსეთს.