თბილისი (GBC) - ნიდერლანდების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ დროებით წყვეტს MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამას და ამას „ქართული ოცნების” ქმედებებს უკავშირებს.
„ეს მართლაც რთული გადაწყვეტილება იყო. ქვეყნის კანონის უზენაესობის გაძლიერების პროცესში, ნიდერლანდების სამეფო ყოველთვის იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი და პარტნიორი.
MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, წლების განმავლობაში, ორასამდე ქართველმა ოფიციალურმა პირმა და საჯარო მოხელემ მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროცესში, რამაც საქართველოს საჯარო ინსტიტუციის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თავის მხრივ, ქართველმა მონაწილეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სასწავლო პროგრამის ხარისხის განვითარებაში. MATRA-ს პროგრამის კურსდამთავრებულები ჩვენი საელჩოს კონტაქტების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამის დროებითი შეწყვეტა უკავშირდება ქვეყანაში გაუარესებულ მდგომარეობას, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ქმედებებმა გამოიწვია.
ვიმედოვნებთ, მომავალში ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, კვლავ შევძლებთ ქართველი მონაწილეების მიღებას”, – აცხადებს ნიდერლანდების საელჩო.