თბილისი (GBC) - ჟურნალისტებზე და ოპოზიციურ ლიდერებზე ძალადობას გუშინ, 15 იანვარს მთელი დღის განმავლობაში ეხმაურებოდნენ საქართველოს მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები. აღნიშნული არ გამორჩენია, აშშ-ისა და ბრიტანეთის საელჩოებს. აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ გმობს „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას და მიუთითებს, რომ ეს არ ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა კი თქვა, რომ ბოლო დროს „შემაშფოთებელი” ფაქტების მომსწრე გახდა.

„შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ.

მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად – რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა. საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა თქვა: „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკანასკნელ დღეებში, უფრო მეტი ღრმად შემაშფოთებელი ფაქტების მომსწრენი გავხდით. ძალადობის განახლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ და ჟურნალისტებისა და მომიტინგეების თვითნებური დაკავება მიუღებელია. მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უზრუნველყოს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა.

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. სწორედ ამიტომ, დღეს, ევროპის საბჭოში, დიდი ბრიტანეთი შეუერთდა ევროპელ პარტნიორებს და მკაცრად დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ“, – აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკლირმა პარლამენტში წარადგინა წინადადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ის X-ზე ავრცელებს და წერს „დავიცავთ დემოკრატიას თუ პუტინის მოკავშირეებს ამას შევარჩენთ? აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოში რუსული ჩარევების ხელშეწყობის გამო დაასანქცირა. მე წარვადგინე წინადადება, რომ გაერთიანებულმა სამეფომ იგივე გააკეთოს”.

ბრიტანელმა დეპუტატმა X-ზე გამოაქვეყნა დოკუმენტიც, სადაც ვკითხულობთ: „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო;

გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსული გავლენების ხელშეწყობაში; მიუთითებს, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მოუწოდებს ბრიტანეთის მთავრობას იმავეს გაკეთებისკენ, რათა აჩვენოს მტკიცე პოზიცია დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ;

მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას და რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ევროპელ პარტნიორებთან ახლო კოორდინაციას; ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს”.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ამჟამად ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, 14-15 იანვრის ღამის ინციდენტის შედეგად ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გიორგი გახარიას თქმით, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები.

ის წერს, რომ ბათუმში იმყოფებოდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მხარდასაჭერად. იგი 14 იანვარს ასევე იყო ბათუმის სასამართლოში, სადაც მხარი დაუჭირა მზია ამაღლობელს, გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-ში აცხადებენ, რომ გახარიაზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.

გიორგი გახარიაზე თავდასხმის გარდა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.