თბილისი (GBC) - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის: მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებით ზომებს ვიზების შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზების გაცემას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.
დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიმდინარე სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ.
„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, დაექვემდებარებიან სავიზო შეზღუდვას.
„ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველ ხალხთან ერთად გვინდა ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ამერიკის გადაწყვეტილებას და ემატება აქამდე გამოცხადებულ ნაბიჯებს, რომლებიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირს და მათი ოჯახის წევრებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 30 ნოემბერს, მას შემდეგ შეაჩერა, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროპის კავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ამასთან, "ოცნებამ" 2028 წლის ბოლომდე უარი თქვა ევროპის კავშირის საბიუჯეტო გრანტებზეც.
ამის გამო, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ, ძალის გამოყენება დაიწყო.
მე-15 ღამე გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ეს უკანასკნელი, 2028 წლამდე, ევროპის კავშირთან ყველანაირ ურთიერთობის გაწყვეტას მოიაზრებს.
დემონსტრანტები ითხოვენ ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.
თავის მხრივ, კობახიძე და "ქართული ოცნება" რუსთაველზე შეკრებილ დემონსტრანტებს "ნაცმაიდანის" მონაწილეებს უწოდებს.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს: წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.
დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს.
იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.
რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.