თბილისი (GBC) - სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ისაუბრა სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ბოლო სანქციებზე და თქვა, რომ აშშ აგრძელებს სანქციებზე მუშაობას. მილერმა მიუთითა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ და ძალადობრივ რეპრესიებზე, მათ შორის ბოლო დროს გამართული დემონსტრაციების დროს. 

„სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დამატებით ზომებს იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს სხვა ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის სამართალდამცველ და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ძალადობაში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი ძალაუფლება ძირითადი თავისუფლებების შესაზღუდად.

აშშ მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების განგრძობით სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისადმი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ვრჩებით ერთგული, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც მონაწილეობდა ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიული მომავლის ძირის გამოთხრაში”, – აღნიშნა მილერმა.