თბილისი (GBC) - შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში 29 დეკემბრის შემდეგ, როდესაც საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იგეგმება, სიტუაცია პიკს მიაღწევს.
„მასიური საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში გრძელდება. სიტუაცია 29 დეკემბრის შემდეგ პიკს მიაღწევს. შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, - წერს ბილდტი.
The massive protests continue in Tbilisi and other places in 🇬🇪. The situation will come to a head after December 29. Then 🇪🇺 and others will also have to decide whom they consider the legitimate president of 🇬🇪. pic.twitter.com/VCr7k1BvL7
— Carl Bildt (@carlbildt) December 25, 2024
14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. „ქართული ოცნების“ 224-მა დელეგატმა ხმა ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, მისცა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას „პროვოკაცია“ და „პაროდია“ უწოდა.
ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევნების პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართა.
29-ე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 40-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.