თბილისი (GBC) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თურქეთის ელჩმა სონღულაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

„მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანია. ჩვენთვის საინტერესოა თურქეთის გამოცდილების გაზიარება. ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება ქვეყნისთვის ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

როგორც თურქეთის ელჩმა კი განაცხადა, ქვეყნებს ისტორიული მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს, რაც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეთევზეობის, მესაქონლეობის, ირიგაციის, სატყეო სექტორისა და ნარჩენების მართვის, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა თურქეთში ქართული წარმოების სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტის ზრდის, ასევე, თურქეთის ჰორეკა სექტორთან ღვინის ქართველი მწარმოებლების თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობის საკითხებზე", - წერს სამინისტრო.