თბილისი (GBC) – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების” ქმედებების შედეგად გერმანიამ შეაჩერა დახმარების პროექტები, ასევე, განიხილება დამატებითი ზომების მიღებაც. "საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა, ისინი გულებში ატარებენ ევროპას და პროევროპული პროტესტი მათი ხმაა", - თქვა მან.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კვირების განმავლობაში, ათიათასობით ქართველი გაბედულად აწყობს დემონსტრაციებს თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

„მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირები დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით პასუხობენ. ანტიევროპული გზისკენ შებრუნებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად გაყინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ფაქტობრივად შეაჩერა ის. „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ჩვენ ახლა ევროკავშირშიც უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ანალენა ბერბოკი იხსენებს, რომ 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების მკაფიო დაპირებებს უკავშირდებოდა.

„მაგრამ პროგრესის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ საგანგაშო წარუმატებლობას: არჩევნები, რომელსაც მკვეთრად აკრიტიკებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, ძალადობა დემონსტრანტების მიმართ, ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონი“ ან ლგბტქ უფლებების შეზღუდვა. „ქართული ოცნება“ ამით კარგავს ისტორიულ შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ქვეყანას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბერბოკი ხაზს უსვამს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებში და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც საფრთხე შეუქმნა გერმანიასთან საქართველოს მრავალწლიან პარტნიორობას.

„შედეგად, ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდაჭერის პროექტები. ამავდროულად, ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ზომებს ჩვენს ევროკავშირელ პარტნიორებთან ერთად, ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებიდან დაწყებული მიზანმიმართული სანქციების ჩათვლით. ბურთი "ქართული ოცნების" პასუხისმგებელი პირების მოედანზეა. ახლა მათზეა, ყველაფერი გააკეთონ ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველ ხალხს შესთავაზონ რეალური პერსპექტივები - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველა ქართველისა და ქართველისთვის კარგი მომავლისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

23 დეკემბერს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა გაავრცელა განცხადება, რომ გერმანიამ საქართველოში €237 მილიონის ღირებულების სახელმწიფო პროექტები შეაჩერა – კერძოდ, შეწყდა მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ქსელისა და ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება.