თბილისი (GBC) – საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, 29 დეკემბერს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ.
ღონისძიების გაშუქების მსურველმა მედიასაშუალებებმა სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად პარლამენტს უნდა მიმართონ. ერთ მედიასაშუალებაზე გაიცემა არა უმეტეს ორი ჯგუფის აკრედიტაცია.
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართება.
ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი.
ინაუგურაციაზე მოწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობის და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები – სულ 300 პირი.
14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. „ქართული ოცნების“ 224-მა დელეგატმა ხმა ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, მისცა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას „პროვოკაცია“ და „პაროდია“ უწოდა.
ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევნების პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართა.
29-ე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 40-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.