თბილისი (GBC) - ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციის ლიდერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინ შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა ანა დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს შესთავაზეს და მზად არიან სასახლეში 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩნენ.
„ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი. ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები ვთათბირობთ საქართველოს პრეზიდენტთან. განხილვაშია ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრირებას და პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი, ლეგიტიმური არჩევნები. ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნებია პოლიტპატიმრების გამოშვებასთან ერთად.
მინდა გითხრათ, რომ მე შევთავაზე სრული მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, ეს არის მხარდაჭერის ფორმა სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელიც იქნება ლეგიტიმური, სამართლიანი და არაძალადობრივი”, – განაცხადა დოლიძემ.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს პარლამენტში ჩატარდება.
ელჩების მიწვევასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინაუგურაციაზე მოწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობის და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები – სულ 300 პირი.
14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. „ქართული ოცნების“ 224-მა დელეგატმა ხმა ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, მისცა.