თბილისი (GBC) - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები დამატებითი ზომების მისაღებად ემზადება, მათ შორის ის საუბრობს სანქციებზე. "აშშ ემზადება ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, მათ შორის იგი ამზადებს დამატებითი სანქციებს", - ამბობს ბლინკენი.

„აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების” პარტიის მიერ საქართველოს მოქალაქეები, დემონსტრანტების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გამოჩენილ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას” შეაჩეროს მისი რეპრესიული ტაქტიკები, მათ შორის მათი კრიტიკოსების გასაჩუმებლად განხორციელებული განურჩეველი დაკავებები და ფიზიკური ძალადობა. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული მოქალაქეებისთვის მიყენებული დაზიანებების შესახებ ცნობებით. ადამიანები, რომლებიც გამოხატვისა და შეკრების მათი უფლების გამო დააკავეს, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და ისინი, ვინც უკანონო ძალა გამოიყენა, სრულიად უნდა იყვნენ პასუხისმგებელი.

აშშ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში – მათ შორის ისინი, ვინც ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას – პასუხისმგებლები იქნებიან”, – აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 30 ნოემბერს, მას შემდეგ შეაჩერა, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროპის კავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ამასთან, "ოცნებამ" 2028 წლის ბოლომდე უარი თქვა ევროპის კავშირის საბიუჯეტო გრანტებზეც.

ამის გამო, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ, ძალის გამოყენება დაიწყო.

შვიდი ღამე გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ეს უკანასკნელი, 2028 წლამდე, ევროპის კავშირთან ყველანაირ ურთიერთობის გაწყვეტას მოიაზრებს.

დემონსტრანტები ითხოვენ ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.

თავის მხრივ, კობახიძე და "ქართული ოცნება" რუსთაველზე შეკრებილ დემონსტრანტებს "ნაცმაიდანის" მონაწილეებს უწოდებს. გუშინ, 4 დეკემბერს, კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, "ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი" ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული".

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს: წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.

დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს.

იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.