თბილისი (GBC) - პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სასტუმრო „შერატონს“ სთხოვს გადასცენ პარტიის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის კადრები. პარტიის წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოცნება“ მალავს თავდამსხმელებს და პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ცდილობს მათ მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას საზოგადოებაში.

„კოჭლ რეჟიმს და ამ დანაშაულში თანამონაწილე ლაჩრებს იმის უნარიც და გამბედაობაც არ აქვთ აღიარონ რომ ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან თვითონ დგანან. თუმცა დე ფაქტო პრემიერისა და სხვა დე ფაქტო თანამდებობის პირების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული, რასაც საგანგებოდ იღებდნენ. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩენს უნდობლობას და ყოველწუთიერად აჩენს რისკებს ვიდეო მტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა  დე ფაქტო პრემიერმინისტრი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ. ამიტომ სასტუმრო შერატონისგან ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეო კადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით“, – თქვა სიჭინავამ.

ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერი ადასტურებს, რომ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ამსახველი ორივე ვიდეოჩანაწერი სრულად შენახულია. მისი თქმით, თავად ნახა ეს ჩანაწერები და მზად არიან მასალა საგამოძიებო უწყებებს გადასცენ.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ამჟამად ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, 14-15 იანვრის ღამის ინციდენტის შედეგად ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გიორგი გახარიას თქმით, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები.

ის წერს, რომ ბათუმში იმყოფებოდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მხარდასაჭერად. იგი 14 იანვარს ასევე იყო ბათუმის სასამართლოში, სადაც მხარი დაუჭირა მზია ამაღლობელს, გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-ში აცხადებენ, რომ გახარიაზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.

გიორგი გახარიაზე თავდასხმის გარდა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.