თბილისი (GBC) – საერთაშორისო ბიზნესისა და სამართლის საკითხებში ექსპერტი ზვიად სხვიტარიძე სოციალურ ქსელში სანქციებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ინდულგენცია არ არის და ვერ დაიცავს ვერცერთ დალისტულ კომპანიას შესაძლო სანქციებისგან.

„დასანქცირდება ნებისმიერი ფიზიკური პირი, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის აშშ-ს მოქალაქე, ასევე ნებისმიერი კომპანია ადგილობრივი, თუ საერთაშორისო, რომელიც მოხვდება მაგნიტსკის სიაში ან სანქციები დაედება რუსეთის 14024 აქტით;

OFAC-ის სანქცირებულთა სიაში არის ორი აშშ-ს მოქალაქე და 70-ზე მეტი ამერიკაში რეგისტრირებული კომპანია, ასევე რამდენიმე ბრიტანეთის მოქალაქე და 150-ზე მეტი ბრიტანული კომპანია, ასევე სიაში არიან საფრანგეთის მოქალაქეებიც და 40-მდე ფრანგული კომპანია;

ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის განთავსებით ვაჭრობა ინდულგენცია არ არის და ვერ დაიცავს ვერცერთ LSE Listed კომპანიას სანქციებისგან;

ცნობისთვის მხოლოდ 2022 წლის მარტში ლონდონის საფონდო ბირჟამ ჩახსნა თავისი ბირჟიდან 27 რუსული კომპანია, მათ შორის სბერბანკი და VTB ბანკი, მოგვიანებით იგივე მოხდა ყაზახური კომპანიების მიმართაც, მათ შორის იყო კასპი ჯგუფი და კასპი ბანკი, რომელიც გაძევებულ იქნა ლონდონის საფონდო ბირჟიდან“, - წერს სხვიტარიძე სოციალურ ქსელში.

რადიო თავისუფლება ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით 9 იანვარს წერდა იმ პირთა სიის შესახებ, რომ აშშ–ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, წერილში ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, რომელთა დასანქცირებაცაა რეკომენდებული. ამ სიაში მოხვდა ირაკლი გილაურიც, რომელიც ლონდონის ბირჟაზე დალისტული სს „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორია.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.