თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 15 ოქტომბერს, 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, 9 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

გუშინ, 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავდა. როგორც წესი, პრეზიდენტი შეწყალების აქტს მსგავს დღესასწაულებზე გამოსცემს ხოლმე.